შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე უსაფრთხოების სექტორში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების საკითხებზე ტრენინგის გახსნას დაესწრო. ორდღიანი სწავლება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თემურ ეუბიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
სიტყვით გამოსვლისას მინდია ლორთქიფანიძემ აღნიშნული ტრენინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დეპარტამენტის თანამშრომლებს წარმატება უსურვა.
სწავლების მონაწილეები, რომელთა უმრავლესობაც სამსახურეობრივ მოვალეობას ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვართან ასრულებს, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციას, ადგილობრივ კანონმდებლობას და საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებს, ასევე ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ძირითად ცნებებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნობიან.