შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი „ღია საზოგადოების სამართლებრივი ინიციატივის“ (OSJI) მიერ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ეროვნულ ფონდებსა და „იურიდიული დახმარების რეფორმატორთა ქსელთან“ (LARN) ერთად შემუშავებული პროექტის – „პოლიციის მიერ დაკავების დროს ეჭვმიტანილის საპროცესო უფლებები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში: ემპირიული კვლევა და საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა“ განხორციელებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული პროექტი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში დაკავებულ ან ბრალდებულ პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლას და პოლიციის თანამშრომლების მიერ ამ კუთხით არსებული გამოცდილებისსაგაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავებას ისახავს მიზნად. მისი კვლევა პროცედურული უფლებების განმარტების, დუმილის უფლების, სამედიცინო დახმარების და ადვოკატის ხელმისაწვდომობის დაცვის საკითხებზეა კონცენტრირებული.
კვლევა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პრაქტიკოსების ყოველდღიურ საქმიანობაზე პირდაპირი დაკვირვებით განხორციელდება. პრაქტიკული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით პოლიციელთა, ადვოკატთა და დაკავებულების მიზნობრივი გამოკითხვა ჩატარდება. პროექტის ფარგლებში მონაწილე პირების პერსონალური ინფორმაციის საიდუმლოება იქნება დაცული.
კვლევა ჩატარდება თბილისის, ქუთაისის და თელავის პოლიციის განყოფილებებში, სადაც ექსპერტები 30 დღის განმავლობაში დაკავებულთა დაკითხვას დაესწრებიან. კვლევის შემდგომი პერიოდი პოლიციელთა, ადვოკატთა და დაკავებულთა გამოკითხვას დაეთმობა. პროექტის საერთო ხანგრძლივობა 60 დღეა.
პროექტის – „პოლიციელის მიერ დაკავების დროს ეჭვმიტანილის საპროცესო უფლებები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში: ემპირიული კვლევა და საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა“ – განხორციელება ხაზს უსვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობას, მისი საქმიანობის დემოკრატიულობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან შესაბამისობას. ასევე, ანგარიშვალდებულების, ინფორმაციის საჯაროობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პრიორიტეტულობას.