შსს-ს გურიის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული თემურ რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში, ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარ მეუღლეს - 1985 წელს დაბადებულ ნატალია რ-ს თავის არეში ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა თემურ რ. სოფელ დვაბზუში, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მიმალვას ცდილობდა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).