შინაგან საქმეთა სამინისტრო, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს განაგრძობს. შსს-ს წარმომადგენლები თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და სინთეზური ნარკოტიკების მავნე ზეგავლენის შესახებ ესაუბრნენ.
შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ ახალგაზრდებს განუმარტა, რომ პირველი მაისიდან ძალაში შევიდა კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება. თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისთვის ე.წ. ბიონარკოტიკები, ამის შესახებ სტუდენტებმა ინფორმაცია ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძისგან მიიღეს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრაზე სტუდენტებს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობენ. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა.