შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. დღეს საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროს ელჩინ გულიევს შეხვდა. მხარეებმა საზღვრის დაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და შინაგან საქმეთა მინისტრ რამილ უსუბოვთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 16 მაისს დასრულდება.