საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროგრამის (TAIEX) მხარდაჭერით, „სამართალდაცვით სფეროში ერთობლივი საერთაშორისო ოპერაციების“ თემაზე ორდღიანი სამუშაო შეხვედრა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, კერძოდ, ავსტრიის, პოლონეთის, სლოვენიის და რუმინეთის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ერთობლივი საერთაშორისო ოპერაციების განსახორციელებლად არსებული სამართლებრივი ჩარჩოსა და პრაქტიკული მეთოდების განხილვა. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აღნიშნულ სფეროში მიღებული გამოცდილება, წარმატებული მაგალითები, განიხილეს არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე სამართალდამცავ უწყებებს შორის ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის მეთოდებზე, ევროპოლთან თანამშრომლობასა და სხვა საკითხებზე.