შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზებულ ორდღიან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.
სწავლება ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ნერმან ნისიჩმა გახსნეს. საარჩევნო ადმინისტრაციამ ტრენინგი „არჩევნები და უსაფრთხოება“ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით (IFES) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით განახორციელა.
ტრენინგის მონაწილეებმა, არჩევნების ჭრილში კონფლიქტები და მათი გადაჭრის გზები, ასევე, დაცულობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. სწავლება IFES-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულმა დირექტორმა ვასუ მოჰანიმ ჩაატარა, რომელიც, 2001 წლიდან დღემდე, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში სხვადასხვა პროექტს ხელმძღვანელობს და საარჩევნო უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი ექსპერტია.
ტრენინგში მონაწილე შსს-ს წარმომადგენლები სწავლებაზე მიღებულ ცოდნას თავიანთ თანამშრომლებს გაუზიარებენ, რათა მომავალი არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება უზრუნველყონ.