შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბ MIA Force-ს, TCR International -ის დამფუძნებელი მარჩელო ლოტი დელეგაციასთან ერთად ეწვია.
სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილმა და მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დათო ნიკოლეიშვილმა უმასპინძლეს. დელეგაციის წევრებმა მომსახურების სააგენტო დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.
მარჩელო ლოტი შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის ავტომრბოლელს, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახეს - დათა ქაჯაიასაც შეხვდა. დათა ქაჯაია პირველი ქართველია, რომელიც ძარიანი ავტომობილებით მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობს. შეხვედრაზე მარჩელო ლოტიმ ქართველი მრბოლელის სპორტული კარიერა დადებითად შეაფასა და მომავალ ასპარეზობებზე წარმატებები უსურვა.
იტალიელმა სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომიც დაათვალიერეს. საერთაშორისო საავტომობილო ჩემპიონატის დამფუძნებელი მაღალი რანგის შეჯიბრის მასპინძლობისთვის საჭირო გარემოსა და ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო და ქართულ ავტოსპორტში არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.
TCR International-ის დამფუძნებლის ინიციატივით, ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატის მომავალი სეზონის ერთ-ერთი ეტაპი, შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს. ამ საკითხის შესახებ მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.
TCR International -ის ჩემპიონატი 2015 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება.