შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, სირიაში უკანონო მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მაღალჩინოსნებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა უკანონო მიგრაციის და კონტრაბანდის მიმართულებით ოპერატიულ-საგამოძიებო სამსახურებს შორის ურთიერთდახმარების სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შსს-ს სასაზღვრო პოლიცია აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად იწყებს თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბთან თანამშრომლობას და სასაზღვრო პოლიციის საჭიროებების გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის სამხედრო პერსონალის სწავლების გეგმა მტკიცდება. მიღწეული თანამშრომლობის გეგმა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: თურქეთის სახმელეთო ძალების სარდლობასა და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფთან ერთად ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება; სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მომსახურეების მონაწილეობით საქართველო-თურქეთის საზღვარზე სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა; სანაპირო დაცვის მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო საზღვაო წვრთნაში მონაწილეობა; ორმხრივი ვიზიტები და შეხვედრები „სამხედრო დიალოგის ფორმატში“; თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან სამხედრო დახმარების ფარგლებში მატერიალური ქონების გადმოცემა; სასწავლო მიმართულებით თურქეთის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ საზღვაო მრავალეროვნულ და ნატო-ს სასწავლო ცენტრებში სასაზღვრო პოლიციის მომსახურეებისთვის მომზადების გავლა.