შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, პროექტ „უსაფრთხო ქალაქი“-ს ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. შს მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს სამინისტროს მიერ დანაშაულის პრევენციის, დანაშაულთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაწეული სამუშაოს, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ მოქალაქეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის შსს-ს საქმიანობაზე ინფორმაციის სრულად მიწოდება, დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობის და ამ კუთხით არსებული გამოწვევების სათემო დონეზე განხილვა, ადგილობრივი საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების იდენტიფიცირება და არსებულ პრობლემებზე რეაგირება. პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ ხელს შეუწყობს პოლიციის აქტივობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას რეგიონებში და მეორე მხრივ, შსს-ს საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია და რეაგირება მოახდინოს თემში არსებულ პრობლემებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მხარდაჭერით, თებერვლიდან მაისის ჩათვლით, პროექტ „უსაფრთხო ქალაქი“-ს ფარგლებში, საქართველოს ქალაქებში, ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან თემატური შეხვედრები ჩატარდება. შეხვედრებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, შსს-ს ადმინისტრაციის და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ასევე, ახალგაზრდები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა სეგმენტების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.