შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა და „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს სასაზღვრო უნივერსიტეტის ბაზაზე, სპეციალობების მიხედვით გაიარონ პროფესიული გადამზადების უფასო სასერტიფიკაციო კურსები, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის მომზადებას, გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დაათვალიერა პრაქტიკული ლაბორატორიები, ასევე გაეცნო სასწავლო პროცესს და იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელსაც უნივერსიტეტი ახორციელებს.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო-ტექნიკური ბაზით და მაღალტექნოლოგიური სიმულატორებით. უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს მეზღვაურის, მოტორისტის, მზარეულის, ელექტროშემდუღებლის, გემის ელექტრიკოსის და გადაზიდვების ოპერატორის სახელობო პროგრამები.