12 აპრილს, 07:30 საათზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება გლდანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-8 და მე-9 სართულის და სახურავის ჩამონგრევის შესახებ.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები. მაშველებს სამი საათის განმავლობაში, ურთულეს პირობებში მოუწიათ მუშაობა, რის შედეგადაც მათ ნანგრევებიდან 3 დაშავებულის უვნებლად გამოყვანა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად 65 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.