შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი 30 ადამიანი და 7 ავტომობილი გამოიყვანეს.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, მოვარდნილმა ღვარცოფმა მახუნწეთში სამი სახლი დატბორა. მაშველებმა და პოლიციელებმა 19 მოქალაქის, მათ შორის 4 მცირეწლოვანი ბავშვის ევაკუაცია განახორციელეს. მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მობილიზებული იყო აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და მძიმე ტექნიკა. გოდერძის უღელტეხილზე ამ დროისთვის ცენტრალური გზა გასუფთავებულია და მოძრაობა აღდგენილია.
ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილი გზაზე ძლიერი ქარბუქი და თოვაა. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალციხის, ახალქალაქის და ნინოწმინდის სამაშველო ჯგუფებთან ერთად სოფელ ფოკასთან, თოვლიან გზაზე ჩარჩენილი მიკროავტობუსი ბუქსირით გამოიყვანეს. ავტომანქანაში მყოფი მძღოლის და მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ასევე გამოყვანილია ერთი სატვირთო ავტომანქანა, რომელშიც მძღოლი და ერთი მგზავრი იმყოფებოდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლება ქუთაისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარება აღმოუჩინეს. ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ რიონჰესის ქუჩაზე ჩამოინგრა ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი და ეზოს ნაწილი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. მათ სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს მაშველებმა, ასევე, დროული დახმარება გაუწიეს უხვი ნალექის გამო, სამტრედიაში, ნინოშვილის ქუჩაზე, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოს და პირველი სართულის დატბორვის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
გორსა და ხაშურში ძლიერი წვიმის გამო ეზოები და საცხოვრებელი სახლის სარდაფები დაიტბორა. შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა შენობის სახურავები, ელექტრობოძები, მოტეხილია ხეები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე ინტენსიურ სამუშოებს ახორციელებენ.