შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული ბიუროს დირექტორი ჯერალდ ობენდორფერი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტმენტის მიერ შემოწირული და საერთაშორისო ორგანიზაცია "ქაუნთერფართი"-ს მფლობელობაში არსებული საგანგებო ჰუმანიტარული ტვირთი 1 600 000 აშშ დოლარის ღირებულებისაა და შეიცავს: საძილე ტომრებს, სამედიცინო დახმარების და საველე ნივთებს, საწოლებს, კარვებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს, რომლებიც საგანგებო სიტუაციებში პირველადი მოხმარების აღჭურვილობას წარმოადგენს. საგანგებო სიტუაციების ნაკრები საქართველოს მოსახლეობას სტიქიური თუ სხვა უბედური შემთხვევებისთვის მზადყოფნასა და დროულ მოქმედებაში დაეხმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა აარონ ფიშმანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.