24-25 აპრილს ჟენევაში სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის („ICDO“) გენერალური ასამბლეის მორიგი სესია გაიმართა. მასში 50 ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის უწყების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. სესიაზე საქართველო სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნად აირჩიეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 2014-2018 წლებში აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ქაწაშვილს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ „სამოქალაქო თავდაცვის რაინდი“-ს წოდება მიანიჭა და სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მედლით დააჯილდოვა. „ICDO“-მ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს საჩუქრად გადასცა ჰუმანიტარული ტვირთი, რაც სხვადასხვა სახის სამაშველო აღჭურვილობას და ტექნიკურ მოწყობილობას მოიცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ჟენევაში გამართული შეხვედრების ფორმატში სხვადასხვა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათა ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრებზე
საქართველოსა და მთელ რიგ ქვეყნებს შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებაზე შეთანხმდნენ.
სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხაზით ფართომასშტაბიანი საერთაშორისო წვრთნები ჩატარდება.