შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციის წარმომადგენლებმა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროს ნუგზარ სუჯაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.
სტუმრებმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ლაბორატორია და მუზეუმი დაათვალიერეს, სამმართველოს ორგანიზაციულ მოწყობას და მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის დათვალიერებაც.
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროსთან (GBI) 2010 წლიდან თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ტრენინგები და სემინარები, ასევე გაცვლითი პროგრამები რეგულარულად ტარდება.