შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აშშ-ს ჯორჯიის შტატის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. დელეგაციის წევრები არიან ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს და პოლიციის დანაყოფების ხელმძღვანელი პირები და აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს თბილისის ოფისის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დელეგაცის წევრები გაეცნობიან სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, დაათვალიერებენ პოლიციის დანაყოფებს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“ და კინოლოგიურ სამსახურს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები და ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, კინოლოგიური დანაყოფის განვითარება და სხვა. აღნიშნული სწავლების დიდი ნაწილი ჯორჯიის შტატის ინსტრუქტორთა ხელშეწყობით ხორციელდება.