შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან კვიციანი, რუსთავის საქალაქო სამმართველოს ხელმძღვანელი და თანამშრომლები, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა მათ ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების წინააღმდეგ მიმართული კამპანია გააცნეს და ამ თემასთან დაკავშირებით მოზარდების კითხვებს უპასუხეს.
შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები აჩვენეს. საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდიან, თუ რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე- და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებშია განთავსებული.
მოზარდებთან შეხვედრაზე ასევე შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლის ჩვენებაც მოეწყო, რომლის მეშვეობით, საზოგადოება იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყობს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე მიიღებს ინფორმაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა.