საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, პოლონეთში, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს „112“ ერთ-ერთ სპიკერ ქვეყანას წარმოადგენდა.
ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციამ პრეზენტაცია, სახელწოდებით - "ოპერატიული მართვის ცენტრის თანამედროვე დიზაინი", წარმოადგინა. აღნიშნული პრეზენტაციით კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში „112“-ის მუშაობის სპეციფიკის, თანამედროვე ქოლ-ცენტრის მოწყობის, ეფექტური მუშაობისათვის საჭირო აღჭურვილობისა და სამუშაო პროგრამა - ERC-ის შესახებ.
კონფერენციის დასასრულს, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც კონკრეტულ პირებსა და ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ერთიანი ევროპული ნომრის – "112"-ის მომსახურების გაუმჯობესებაში სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.
კონფერენციაში მონაწილეობის მიზანია, მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარონ სამუშაო პროცესის, სისტემური მოწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მნიშვნელოვანია, ყოველწლიურ კონფერენციაში ქართული მხარის ჩართულობა, რადგან მიღებული გამოცდილება „112“-ს მოქალაქეებისათვის ეფექტური და ოპერატიული დახმარების აღმოჩენაში დაეხმარება.
ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წელს შეიქმნა ბრიუსელში. ასოციაციის მიზანია, ევროპის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის – "112"-ის დანერგვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობისთვის ხელის შეწყობა. 2013 წლის 3 სექტემბრიდან საქართველოს „112“ EENA-ს წევრია.