აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე ესწრებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, პოლონური მხარე წარადგენს 4 წლიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიციებთან თანამშრომლობის პროგრამა“-ს, რომლის ხელმძღვანელი პოლონეთია. პროგრამის მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კონტაქტების გაღრმავება. იგი ასევე ითვალისწინებს ევროკავშირთან თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაციასა და ჰარმონიზაციას.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები დაგეგმილია როგორც ხელმძღვანელების, ასევე ექსპერტების დონეზე. პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი 3 ივლისს დასრულდება.