შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების 46-ე შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გააპროტესტა ახალგორის მიმართულებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას არ აძლევს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.
შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი რომან შიტიკოვის საკითხი, რომლის დაკავების და შესაბამისად, ციხეში ყოფნის ფაქტს, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების, ასევე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღემდე არ ადასტურებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ წარადგინა კონკრეტულ პირთა დაკითხვის ოქმები, რომლებიც ცხინვალის ციხეში რომან შიტიკოვის ყოფნის ფაქტს ადასტურებს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დუშეთის რაიონში, სამების მონასტრის არეალში მდებარე წყალშემკრების რეაბილიტაციის საკითხს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოები დაწყებულია და უახლოეს მომავალში პრობლემა მოგვარდება.
ქართულმა მხარემ გააპროტესტა მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო მონტაჟის პროცესი გორის რაიონის სოფელ ქერესა და ცხინვალის რაიონის სოფელ ოტრევის მიმართულებით არსებულ მონაკვეთში და ახალგორის რაიონში საძოვრებზე წვდომის შეზღუდვის საკითხი, რაც ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, მათი მხრიდან ღრმა შესწავლას მოითხოვს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ცხინვალის ციხეში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეებისა და უგზოუკვლოდ დაკარგული პირების საკითხი.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.