საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ეწვია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია.
ვიზიტის ფარგლებში პოლონური მხარე წამოადგენს „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიციებთან თანამშრომლობის პროგრამა“-ს, რაზეც ევროკომისიამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. პროგრამის მოქმედების ვადა 4 წელია და მისი ხელმძღვანელი არის პოლონეთი. პროგრამის მთავარ მიზანს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კონტაქტების გაღრმავება წარმოადგენს. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ევროკავშირთან თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაციასა და ჰარმონიზაციას.
დაგეგმილია შეხვედრების გამართვა როგორც ხელმძღვანელების, ასევე ექსპერტების დონეზე. შეხვედრაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ბ-ნი შალვა კვინიხიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ბ-ნი ივანე პაპიაშვილი, შსს აკადემიის რექტორი, ბ-ნი ნუკრი გელაშვილი, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორი, ბ-ნი ირაკლი ბერაია და ექსპერტები ჩამოთვლილი დეპარტამენტებიდან.
პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი სრულდება 3 ივლისს.