შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) ფარგლებში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენცია შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა გახსნეს.
კონფერენციაზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელების პროცესი განიხილეს. შს სამინისტროს წარმომადგენლებმა შსს-ს მიერ მიგრაციის დეპარტამენტის, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის, პერსონალური მონაცემების დაცვისა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.
სავიზო დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ოფიციალურად 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო, ხოლო 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP) გადაეცა. სამოქმედო გეგმა რეფორმების ორ ფაზად განხორციელებას ითვალისწინებს: პირველი ეტაპზე ჩამოყალიბდა საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩო, ხოლო მეორე ეტაპი მის ეფექტურ იმპლემენტაციას ეთმობა.
2014 წლის 29 ოქტომბერს ევროკომისიამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) განხორციელების შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები სავიზო დიალოგის I ფაზის მოთხოვნებს შეესაბამება და შესაბამისად, საქართველო ოფიციალურად II ფაზის იმპლემენტაციის პროცესზე გადავიდა.