შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას. ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით, ამჯერად საინფორმაციო შეხვედრა თბილისის 75-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა. ახალგაზრდებს შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკა კენჭაძე, ამავე სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინატორი თამარ ისაკაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე ესაუბრნენ.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის სხვა საკითხებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებები გააცნეს, რომელთა მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრაზე მოსწავლეებს კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლები უჩვენეს, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის დისკუსია გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გრძელდება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში.