შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე მყოფ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება სჭირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, 3 950 მეტრის სიმაღლეზე მყოფი ტურისტების დასახმარებლად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ. ღამით, რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების გამო, ტურისტების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა ვერ მოხერხდა. შსს-ს მაშველები, მთელი ღამის განმავლობაში, ტურისტებთან ერთად იმყოფებოდნენ და შეუძლოდ მყოფ პირს დახმარებას უწევდნენ.
გამთენიისას, წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, პოლონეთის ორივე მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს. ამჟამად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.