მიმდინარე წლის 22 სექტემბერს სამი შეიარაღებული პირი, თანამზრახველთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს „ალფას“. მათ კომპანიის დარაჯს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღის ტარით დაზიანება მიაყენეს. დარაჯმა განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა შეძლო, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამივე პირი - 1962 წელს დაბადებული თ.ხ., 1969 წელს დაბადებული ბ.მ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათი თანამზრახველის დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებულებმა მათ მიერ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, შპს „კენტავრის“ დაყაჩაღების ფაქტიც აღიარეს. ერთ-ერთი დაკავებულის - ს.მ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია შპს „კენტავრის“ დაყაჩაღებისას წაღებული რამდენიმე ავტონაწილი.
2017 წლის 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე, სამივე დაკავებულს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. ბრალდებულ ს.მ.-ს სხეულზე, გარეგნული დათვალიერებით, დაზიანებები აღენიშნებოდა. დაკავებულის განმარტებით, დაზიანებები დაკავების დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. მან, ასევე, წერილობით დააფიქსირა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და უარი განაცხადა ფოტოგადაღებაზე. აღნიშნულის თაობაზე შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა აცნობა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და ქალაქ თბილისის პროკურატურას.
მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა შსს-ს გენერალურ ინსპექციის ცხელ ხაზზე - „126“ გააკეთა სატელეფონო შეტყობინება პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის შესახებ. შეტყობინების მიღების შემდეგ, გენერალური ინსპექციის თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში ცდილობენ შეტყობინების ინიციატორთან დაკავშირებას, თუმცა ამ დრომდე მასთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება ვერ ხერხდება.
მიმდინარე წლის 27 სექტემბერს შსს-ს გენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა დაკავებულის ადვოკატმა. ვინაიდან აღნიშნული განცხადება და ასევე, 26 სექტემბერს ცხელ ხაზზე გაკეთებული შეტყობინება შეიცავს ინფორმაციას შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შესახებ, შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ორივე მათგანი, შემდგომი რეაგირების მიზნით, ქალაქ თბილისის პროკურატურაში გადაიგზავნა.