შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა პანკისის ხეობაში, ახმეტის რაიონში, საქართველოს მოქალაქეების 8 კაციან ჯგუფს დახმარება დროულად აღმოუჩინეს და 2 დაშავებული მთა სტეროზიადან დასახლებულ პუნქტში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ 8 კაციან ჯგუფს ახმეტის რაიონში, მთა სტეროზიაზე, მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა, 2 მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა ქ. ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილების 2 და ქ. თელავის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 1 სამაშველო ჯგუფი. სამაშველო ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო განსაკუთრებულ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ოთხკაციანი ჯგუფი.
ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ დაშავებული მოქალაქეები დაღლილობისა და საკვების მარაგის ამოწურვის გამო, გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
ოპერატიულად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, დაშავებულები მთიდან პანკისის ხეობაში, დასახლებულ პუნქტში გადაიყვანეს.