შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის მხარდაჭერითა და უნივერსალური ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ACB-ს ეგიდით, თბილისში შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოს 35-ე აბსოლუტური ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირი ორი წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული შსს-ს თანამშრომლის, გურამ გუგენიშვილის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იყო.
ჩემპიონატში, ქართველი სპორტსმენების გარდა, 8 ქვეყნის 25 მებრძოლი მონაწილეობდა. რინგზე საქართველოს სახელით იასპარეზეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორთაბრძოლების კლუბის წევრებმა: ნოდარ კუდუხაშვილმა, სოსო ნიჟარაძემ, ბენო ადამიამ, გიორგი ლობჟანიძემ და არჩილ თაზიაშვილმა. ნოდარ კუდუხაშვილმა (84 კგ წონიანთა კატეგორიაში) ბრაზილიელ სპორტსმენს სძლია. გიორგი ლობჟანიძემ (84 კგ წონიანთა კატეგორიაში) უკრაინელი მეტოქე დაამარცხა. ბენო ადამიამ (61 კგ წონიანთა კატეგორიაში) ასევე უკრაინელ მებრძოლთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. სოსო ნიჟარაძემ კი (66 კგ წონიანთა კატეგორიაში) ბერძენ სპორტსმენს მოუგო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დანაშაულის პრევენციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. შსს-ს ძიუდოს კლუბი „მებრძოლი“ ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ასევე, მნიშვნელოვანი წარმატებები აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ავტორბოლაში, მძლეოსნობაში, ჭიდაობასა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში.