შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები: მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მხატვრები, სტუდენტები და მოსწავლეები შემოუერთდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად 20-მდე „ზებრა“- გადასასვლელი მოიხატა.
ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ერას მოედანთან მდებარე „ზებრა“-გადასასვლელი ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთასთან მდებარე გადასასვლელი კი - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოხატეს.
ახალციხის ცენტრალურ პარკთან, ნათენაძის ქუჩაზე, „ზებრა“-გადასასვლელი საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი სამხატრო სკოლის მხარდაჭერით მოიხატა.
გორში 2 „ზებრა“-გადასასვლელი ადგილობრივი სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, თელავის ცენტრში კი, ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე გადასასვლელი - ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მოხატეს.
კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში - 3, ზუგდიდსა და ფოთში - 4, მცხეთაში - 1, რუსთავში - 2 , ოზურგეთში კი 1 „ზებრა“- გადასასვლელი მოიხატა.
„ზებრა“-გადასასვლელებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის სლოგანები, საგზაო ნიშნები და სხვადასხვა ფიგურებია გამოსახული.
აქციის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.