შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკრაინის ქალაქ ლუცკში, ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და ოქროს 4 მედლით დაბრუნდნენ.
გამარჯვებულ სპორტსმენებს აეროპორტში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დახვდნენ.
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შალვა ბებიაშვილმა ძალისმიერი სამჭიდის MPF/- დივიზიონის (MILLITARY, POLECE AND FIRE) 125 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში წარმატებით იასპარეზა და ოქროს 2 მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში მაქსიმალური - 180 კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში კი 265 კგ დაძლია და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოს პირველი განყოფილების მესამე ქვეგანყოფილების ინსპექტორმა, პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა ილია ქოჩიაშვილმაც ოქროს 2 მედალი მოიპოვა. მან 100 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედლები ძალისმიერ სამჭიდში და ძალისმიერი სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში მიიღო.
ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მასში 18 ქვეყნის 415 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, 9 ქართველმა.