შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წელს პირველად, კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში მიიღეს მონაწილეობა აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“. სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის გაიღეს.
აქციის მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველ კვირას აბარებდნენ სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის.
აქციას „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ წელსაც პერმანენტული ხასიათი ექნება და მასში მთელი წლის განმავლობაში შს სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას. მომავალ კვირას აქცია იმერეთის რეგიონში იგეგმება.