შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ერთ-ერთ ქუჩას 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე–მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად,ზურაბ მუზაშვილის სახელობის ქუჩაზე მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნა.
13 ივნისის სტიქიის დროს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელმა - ზურაბ მუზაშვილმა 8 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი დაიღუპა. ზურაბ მუზაშვილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით - „სამოქალაქო თავდადებისთვის“. სახელმწიფო ჯილდო დაღუპული მაშველის მამას გადაეცა.