შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ერთ-ერთ ქუჩას გმირულად დაღუპული მეხანძრე–მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად, იმ ქუჩაზე, რომელსაც გმირი მეხანძრე–მაშველის სახელი მიენიჭა, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნა.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელმა ზურაბ მუზაშვილმა 8 ადამიანის გადარჩენა შეძლო, თავად კი დაიღუპა. ზურაბ მუზაშვილი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით - „სამოქალაქო თავდადებისთვის“. სახელმწიფო ჯილდო მაშველის მამას გადაეცა.