შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 13 ივნისის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ზოოპარკში ბავშვებს უმასპინძლეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები გააცნეს. ზოოპარკში იმიტირებული მოედანი მოეწყო, სადაც საგზაო მოძრაობის ნიშნები განთავსდა. შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოზარდებს საგზაო ნიშნების მნიშვნელობა აუხსნეს და მათ კითხვებს უპასუხეს. ბავშვებმა პატრულ-ინსპექტორებთან და მეხანძრე-მაშველებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
დღესვე თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორისა და გლანი-ნაძალადევის სახანძრო-სამაშველო სამსახურების მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, აქციას - „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ შეურთდნენ და სისხლი ჩააბარეს. აქცია თბილისის ზოოპარკში, 13 ივნისის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სისხლის ცენტრალური ბანკის მიერ იყო ორგანიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავს საქველმოქმედო აქციებში რეგულარულად მონაწილეობს.