შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის, გენერალური ინსპექციის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, პროექტის - „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) ფარგლებში, გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტი ფარგლებში, შსს-ს დელეგაციის წევრებმა ძალოვან სტრუქტურებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის საკითხებზე გამართულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს.
სწავლების ძირითადი თემები იყო: მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ტექნიკური და პროცედურული ღონისძიებები, გერმანული კანონმდებლობის თანახმად პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფარგლები, ღია და ფარული ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების წესი და სამართლებრივი საფუძვლები, საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოძიების პროცესში ინფორმაციის მოპოვებისა და გამოყენების უფლებრივი საკითხები, პოლიციელთა მხრიდან სხვადასხვა სახის დარღვევებსა და გადაცდომებზე რეაგირების მექანიზმები, სახელმწიფო საზღვარზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი და სხვა. ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქსონიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისის წარმომადგენლებს: ოფისის ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს - მარიო ოსვალდსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოადგილეს - ბერნჰარდ ბანაშს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქსონიის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანმშრომლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.
ქართველი სამართალდამცველები ასევე ეწვივნენ საქსონიის კრიმინალურ პოლიციას, საქსონიის გენერალურ პროკურატურას და ფედერალურ სასაზღვრო პოლიციას, სადაც მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.