შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის მეგობრული მატჩი გაიმართა. მატჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს გამარჯვებით დასრულდა. პირველი გოლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაიტანა.
ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები, საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი აუსტრიანი, რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის (RSO), აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI), საერთაშორისო ნარკოტიკების სამართალდამცავი სააგენტოს (INL), იურიდიული (RLA) და პოლიტიკურ-ეკონომიკური (POL-ECON) დეპარტამენტების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის (PAS) და სხვა სააგენტოს წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. შს მინისტრმა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რიჩარდ ნორლანდს სიმბოლური საჩუქარი გადასცა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. რიჩარდ ნორლანდისთვის აღნიშნული ღონისძიება საქართველოში აშშ-ს ელჩის რანგში ბოლო იყო. იგი საქართველოს 17 ივლისს დატოვებს.
მატჩის დაწყებამდე აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საელჩოს და შსს-ს მიერ ერთობლივად ჩატარებულ წარმატებულ საგამოძიებო ღონოსძიებებში მონაწილეობისთვის დააჯილდოვა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი ერეკლე მოძღვრიშვილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ნინო კობახიძე, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი დიანა როსტიაშვილი. აშშ-ს ელჩმა მადლობის სიგელი შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანს გადასცა.
მატჩი შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აშშ-ს საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლებს შორის წარმატებული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბების შედეგად, ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის კაპიტანი შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იყო, ხოლო გუნდის წევრები - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ივანე პაპიაშვილი და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები. აშშ-ს საელჩოს გუნდის კაპიტანი თავდაცვის ატაშე ჯონ რენუარდი იყო, ხოლო გუნდს საზღვაო ქვეითები და საელჩოს სხვა თანამშრომლები წარმოადგენდნენ.