შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი არუთუნ ირიციანი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არუთუნ ირიციანმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, შესაბამისი სამშენებლო ნებართვის გაცემამდე, მოქალაქეს უფლება მისცა სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე, რის ნაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო 1200 აშშ დოლარი. სამართალდამცველებმა არუთუნ ირიციანი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.