შსს-ს აკადემიის სამაგისტრო სკოლის მიერ გამოცხადებული კონკურსის - „საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია“ – გამარჯვებულები შინაგან საქმეთა აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა დააჯილდოვა. კონკურსი სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის 50-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. კონკურსის დასკვნით ეტაპზე საკონკურსო კომისიამ საუკეთესო ნაშრომები განიხილა, რომელთა პრეზენტაციაც უშუალოდ კონკურსანტებმა გამართეს.
შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი პორტატული კომპიუტერებით, ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გასული სტუდენტები პლანშეტური კომპიუტერებით დააჯილდოვა. დანარჩენი კონკურსანტები საქართველოს ისტორიის ოთხტომეულებით დასაჩუქრდნენ. კონკურსის დასკვნით ეტაპზე გასულ ყველა კონკურსანტს სერტიფიკატი გადაეცა.
კონკურსის მიზანია უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების საპოლიციო საქმიანობით დაინტერესება და შსს-ს აკადემიაში სამაგისტრო სკოლის შექმნის შესახებ მათთვის ინფორმაციის მიწოდება.
შსს-ს აკადემიის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, თანამედროვე მსოფლიოს პოლიციურ სისტემაში არსებული მიდგომებისა და სტანდარტების შესახებ საქართველოს სამართლის სკოლების სტუდენტების ინფორმირებულობის დონე დადგინდა. საკონკურსო ნაშრომებიდან გამოიკვეთა თუ რამდენად კარგად იცნობენ სტუდენტები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე მსოფლიოში მიღებულ კონცეფციას საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის შესახებ.