საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯანსაღი გარემოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის საკითხებზე იზოლატორების თანამშრომლებისთვის ტრენინგი დაიწყო. აღნიშნული ტრენინგი იზოლატორებში ჯანდაცვის კუთხით არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას და იზოლატორებში მოთავსებული პირების უფლებების დაცვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროგრამის მონაწილე დროებითი მოთავსების იზოლატორების 230 თანამშრომელი ცოდნას და კვალიფიკაციას აიმაღლებს ჯანდაცვის ხელშეწყობის, კრიტიკული სიტუაციების მართვის, თვითმკვლელობებისა და თვითდაზიანების პრევენციის საკითხებში. სამდღიან ინტერაქტიულ ტრენინგზე მონაწილეები გაეცნობიან იმუნოდეფიციტური და სხვა სახის ვირუსების შესახებ ახალ მიდგომებს. ისინი ასევე შეისწავლიან პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, მექანიზმებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და სამართლებრივ დოკუმენტებს, რაც თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და მათთვის სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუბჯობესებას ისახავს მიზნად.
საერთაშორისო ექსპერტების მიერ ტრენინგის პროგრამის ფარგლებში მომზადებული მწვრთნელები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე 21 მარტიდან 15 ივნისამდე ჩაატარებენ ტრენინგებს.
ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებითი მოთავსების იზოლატორების დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები, დამონტაჟდა ანტივანდალური სანტექნიკა და დღე-ღამის რეჟიმის სანათები, რითაც დაკავებულის მიერ თვითდაზიანების ან თანამესაკნისთვის დაზიანების მიყენების შესაძლებლობა გამოირიცხა. ფოთსა და ზესტაფონში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების დროებითი მოთავსების იზოლატორები, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, იზოლატორების თანამშრომლებისთვის შეიქმნა ახალი, მოხერხებული და ადაპტირებული სამუშაო ფორმა, აქტიურად მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დროებითი მოთავსების იზოლატორების ადაპტაციის პროცესი. დაკავებულები ასევე უზრუნველყოფილნი არიან შეუზღუდავი სამედიცინო მომსახურებით. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეხვდნენ ექიმს, მიიღონ კონსულტაციები და რეკომენდაციები.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. დროებითი მოთავსების იზოლატორები რეფორმების პერიოდში მოინახულეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, რომლებმაც 110 ვიზიტზე მეტი განახორციელეს და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც 6-ჯერ ესტუმრნენ განახლებულ იზოლატორებს.
ევროსაბჭოს ექსპერტმა ჯიმ მერდოკმა 2013 წელს საქართველოში ვიზიტის დროს მოინახულა დროებითი მოთავსების იზოლატორები და განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.
„მნიშვნელოვანი ზომები გატარდა მონიტორინგის მექანიზმის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, ამ მიმართულებებით: ყველა იზოლატორში ვიდეოკამერების დამონტაჟება (რომლის მონიტორინგი შსს-ს ცენტრალური აპარატიდან ხორციელდება), შსს-ს გენერალური ინსპექციის გაძლიერება, ადვილად ხელმისაწვდომობა ინსპექციის ერთიან წესებსა და დაკავებული პირებისთვის საჩივრების შეტანის მექანიზმზე (მათ შორის, ვებგვერდის მისამართის გამოქვეყნება). როგორც გვითხრეს, უფრო პროაქტიულ მიდგომას ვხვდებით დაკავებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვასთან (ფსიქოლოგიური მომსახურების ჩათვლით) დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამჟამად უკეთესი კოორდინაცია არსებობს შიდა ინსპექციის სამსახურებსა და პროკურატურას შორის. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ რეალური პროგრესია მიღწეული სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში,“- ნათქვამია ჯიმ მერდოკის ანგარიშში.