საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სამართალდაცვით სფეროში საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი ზურაბ ზუბადალაშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ივანე პაპიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთის ქვეყნებში შსს-ს წარმომადგენლების - პოლიციის მეკავშირე ოფიცრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკის, უკრაინის, საფრანგეთის რესპუბლიკის, ევროკავშირის, აშშ-ს, თურქეთის რესპუბლიკის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, ბელგიის სამეფოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის და ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლები.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, რამდენადაც იგი ოპერატიული კუთხით კოორდინირებას უწევს სამართალდაცვით სფეროში საქართველოში აკრედიტებულ, საზღვარგარეთის სახელმწიფოების პოლიციის და უსაფრთხოების ატაშეებსა და მეკავშირე ოფიცრებს. გარდა ამისა, 2013 წლის 4 ოქტომბრის „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შსს-მ აიღო ვალდებულება პერიოდულად გამართოს პოლიციის და უსაფრთხოების ატაშეების – მეკავშირე ოფიცრების ფორუმი.