შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოში, წითელ ხიდზე, მესაზღვრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე პირადად მიულოცეს.
შს მინისტრმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სასაზღვრო პოლიციის 163 მოსამსახურე, რომლებმაც თავი გამოიჩინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო უწყების განვითარების საქმეში, მედლებით, სამკერდე ნიშნებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მინისტრს და მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურს სამკერდე ნიშანი – „საპატიო მესაზღვრე“ გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს შს სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, აშშ-ს საელჩოს, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის, გაეროს განვითარების ფონდის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საფრანგეთის, თურქეთის, ლატვიისა და უკრაინის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მიწვეული იყო 11 წლის გუდამაყრელი ბაჩო წიკლაური, რომლის სურვილი და მიზანია მესაზღვრე გახდეს. მან შს მინისტრისგან საჩუქრები მიიღო.
მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ობიექტურად გაშუქებისთვის, მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს მადლობის სიგელები გადასცა.
მესაზღვრეების პროფესიული დღე საქართველოში 15 წელია აღინიშნება.