ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 43-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ღრმა შეშფოთება გამოთქვა და მკაცრად გააპროტესტა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების მიერ 6 და 15 მარტს კასპის, გორისა და ქარელის რაიონებში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის პროვოკაციული ფაქტები, რომელებიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში.
შეხვედრაზე საუბარი ქარელის რაიონის სოფლებში – ღოღეთსა და ატოცში მავთულხლართების უკანონო მონტაჟის შედეგად შექმნილ ვითარებას შეეხო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლებასა და საკუთარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებას მნიშვნელოვნად უზღუდავს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაციის და ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფელ ქარძმანის მოსწავლეებისთვის საჩხერის რაიონის სოფელ პერევში არსებულ საჯარო სკოლაში გადაადგილების საკითხები.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი ოკუპირებული ახალგორის რაიონში გადაადგილების კუთხით დაწესებულ რეგულაციებსაც შეეხო.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 28 აპრილს გაიმართება.