შსს-ს აკადემიაში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველი აბიტურიენტებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის ღია კარის დღე გაიმართა. სტუმრებს შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ თანამშრომლებთან და აკადემიის კურსდამთავრებულთა საზოგადოების მაგისტრებთან ერთად უმასპინძლა.
აკადემიის წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შსს-ს აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.
შსს-ს აკადემიას საბაკალავრო პროგრამაზე 100 ადგილი აქვს გამოცხადებული. სტუდენტები გაივლიან საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელ სასწავლო კურსებს, რომელთა გავლა მხოლოდ შსს-ს აკადემიაშია შესაძლებელი. აღნიშნული პროგრამა 4 წლიანია და 240 კრედიტს მოიცავს. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საპოლიციო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შესაძენ კომპონენტებს, რაც მას განათლების ბაზარზე უნიკალურს ხდის.
სასწავლო პროცესს გამოცდილი, მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი სპეციალისტები წარუძღვებიან, რომლებიც სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს უახლესი მეთოდებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებით შეასწავლიან.