შსს-ს აკადემიაში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის თანამშრომლებისათვის სპეციალურად დაგეგმილი, სტრესის მართვის ტრენინგი ტარდება. ტრენინგის ძირითადი თემებია: „კრიზისის დროს ქცევა“, „ნეგატიური სტრესის გავლენა“, „ემოციურად რთული ზარების მართვა“ და „პერსონალური ფსიქოჰიგიენის შენარჩუნება“.
გამომდინარე იქიდან, რომ „112“-ის თანამშრომლებს ხშირად უწევთ სტრესულ და დაძაბულ გარემოში მუშაობა, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციების მართვა და კონტროლი.
„112“-ის ოპერატორები და დისპეტჩერები დაესწრებიან კრიზისული სიტუაციების დროს ადამიანის მოქმედებების შესახებ სემინარს და მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აისახება სტრესი გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, დამოკიდებულებებსა და კომუნიკაციაზე. ისინი გაეცნობიან იმ ძირითად მიგნებებს, რა ხერხებით უნდა აიცილონ თავიდან სამუშაო სტრესი და გადაღლა, რათა მათი მოქალაქისადმი თანაგრძნობა არ გახდეს შემდგომში მათივე სტრესში ჩავრდნის მიზეზი.
ტრენინგი „112“-ის ოპერატორებს ხელს შეუწყობს მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში და ემოციების მართვის უნარების შეძენაში ნებისმიერი სტრესული სიტუაციის დროს.