საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ. მათ აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი შეხვდა. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო, რაც ახალგაზრდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებას და ამ გზით დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.
შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება მათთვის საინტერესო საკითხებზე გაამახვილეს, კერძოდ, პოლიციის უწყებებში კადრების მიღების პროცედურებსა და შსს-ს აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ.
აკადემიაში ვიზიტისას სტუდენტები პოლიციელთა მომზადების მეთოდიკას გაეცნენ და მოისმინეს პრეზენტაცია თემაზე: „სწავლება აკადემიაში“. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.