შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნიკა ლ. ყაჩაღობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ამა წლის 10 ივნისს ნიღბიანი ნიკა ლ. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შპს „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხა, 205 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნიკა ლ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და ნიღაბი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).