შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული გრიგოლ ა. და 1989 წელს დაბადებული რატი მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხური დააყაჩაღეს, საიდანაც 660 ევრო, 4295 ლარი, 1961 აშშ დოლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ,,მაკაროვის“ და ,,ბერეტას“ სისტემის პისტოლეტები, ვაზნები და ყაჩაღურად გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით).