შინაგან საქმეთა სამინისტროს კალათბურთის გუნდმა „შსს აკადემიამ“ საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია კლუბ "ბათუმს“ საერთო ანგარიშით 3:0 მოუგო. ფინალურ ეტაპზე გასასვლელად გადამწყვეტი მესამე მატჩი გამოდგა, რომელიც ბათუმის სასპორტო სკოლაში გაიმართა. შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, როდესაც შსს-ს გუნდმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა მეტოქე ანგარიშით 76:74 დაამარცხა.
დღევანდელ შეხვედრაში „შსს აკადემიის“ გუნდში საუკეთესო იყო გიორგი ცინცაძე , რომელმაც 21 ქულა დააგროვა, გიორგი შარაბიძემ 19 ქულის მოპოვება შეძლო, ასევე ლიდერის პოზიციაზე აღმოჩნდა ბექა ჩიკვილაძე 14 ქულით.
მომავალი კვირიდან სუპერლიგის ფინალური შეხვედრები გაიმართება. შსს-ს გუნდი „რუსთავს“ და „დინამოს“ შორის გამარჯვებულს შეერკინება.
„შსს აკადემიის“ კალათბურთელებს შორის საქართველოს ნაკრების 5 მოთამაშეა, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში ამავე დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. „შსს აკადემიის“ აქტივებში 2013 წლის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულია, წელს კი ისინი ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ.