შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გიორგი ს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, გუდამაყრის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.
სამართალდამცველებმა გიორგი ს-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას „კოროვინი“-ს კონსტრუქციის 2 პისტოლეტი და 26 საბრძოლო ვაზნა, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 3 ცალი ერთლულიანი თოფი, „ნაგანი“-ს სისტემის 2 რევოლვერი 7 საბრძოლო ვაზნით, „სმიტ-ვესონი“-ს მოდელის რევოლვერი 26 საბრძოლო ვაზნით, „მოსინი“-ს მოდელის კარაბინი და კარაბინის კუსტარულად დამუხტული 1 ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).