შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების და ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული რევაზ კ. ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ღამით, თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ზაზა ც.-ს საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქეთევან ი.-ს ოქროს ბეჭედი, 200 ლარი, 2 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, 2 ნოუთბუქი, 400 დოლარი და რარიტეტული მედლები ცივი იარაღის მუქარით გასტაცა. მან სახლში მყოფ 5 ადამიანს, მათ შორის, ერთ მცირეწლოვან ბავშვს, ერთ საათზე მეტი დროის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, რევაზ კ.-მ ოჯახის უფროსს - ზაზა ც.-ს და მის მეუღლეს - ქეთევან ი.-ს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულმა, ნაყაჩაღარ ნივთებთან ერთად მიმალვა, მოახერხა. დაჭრილ ცოლ-ქმარს სამედიცინო დახმარება სტაციონარში ჩაუტარდათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რევაზ კ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - 2 დანა და 210 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და მე-3 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით).